top of page

რუსული კანონის წინააღმდეგ სამართლებრივი ბრძოლა საკონსტიტუციო სასამართლოში გაგრძელდება



121 ქართული არასამთავრობო და მედია ორგანიზაცია ვაგრძელებთ სამართლებრივ ბრძოლას რუსული კანონის წინააღმდეგ, რისთვისაც სარჩელით მივმართავთ საკონსტიტუციო სასამართლოს. სარჩელთან ერთად, დროებითი ღონისძიების სახით, სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, მოვითხოვთ კანონის არაკონსტიტუციური ნორმების ამოქმედების შეჩერებასაც.


კონსტიტუციური სარჩელი კიდევ ერთხელ ნათლად ადასტურებს, რომ ეს კანონი ლახავს თითოეული ადამიანის უფლებას, გაერთიანდეს თანამოაზრეებთან ერთად საზოგადოდ სასიკეთო საქმის საკეთებლად და სხვა ადამიანების დასახმარებლად. რუსული კანონის მიღებით ხელისუფლება მტრულ და ღირსების შემლახავ გარემოს ქმნის, რითიც გაერთიანების, გამოხატვისა და სხვა უფლებებითა და თავისუფლებებით სარგებლობას საფრთხედ აცხადებს.


მივესალმებით საქართველოს პრეზიდენტისა და პარლამენტართა გადაწყვეტილებას, ასევე გაასაჩივრონ აღნიშნული კანონი კონსტიტუციის 78-ე მუხლთან მიმართებით, რომელიც საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრების მთავარი ქვაკუთხედია.


ვიმედოვნებთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლო უმოკლეს ვადებში განახორციელებს საკუთარ უფლებამოსილებას და შეაჩერებს კანონის შესაბამისი ნორმების მოქმედებას. ამასთან, გაცნობებთ, რომ ვამზადებთ საჩივარს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წარსადგენად.


კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, რომ რუსული კანონის წესებით არ ვიცხოვრებთ, არ დავემორჩილებით მას, და გამოვიყენებთ ყველა შესაძლო შიდა და საერთაშორისო მექანიზმს მისი მოქმედების შესაფერხებლად კანონის უპირობო გაუქმებამდე.


კი ევროპას! არა რუსულ კანონს!

Комментарии


bottom of page