top of page

ალტ-ინფოს წარმომადგენლები სისხლის სამართლის წესით უნდა დაისაჯონ

ვეხმაურებით, ქალაქ ქობულეთში რუსული ძალის, ალტ-ინფოს მიერ, უკრაინის სოლიდარობის აქციაზე მშვიდობიან სამოქალაქო აქტივისტებზე თავდასხმას და მოვითხოვთ მოძალადეების სისხლის სამართლის წესით დასჯას.


2022 წლის 22 მარტს, ქობულეთში, უკრაინის სოლიდარობის მშვიდობიანი აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეებს, რომლებმაც ე.წ. კონსერვატიული მოძრაობის (ალტ-ინფოს) ოფისის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაინაცვლეს, რათა რუსულ აგრესია და რუსული რბილი ძალის გააქტიურება გააეპროტესტებინათ, რა დროსაც მათ თავს დაესხა ალტ-ინფოს მიერ რეგიონებიდან წინასწარ მობილიზებული მოძალადეთა ჯგუფი. მშვიდობიან აქტივისტებს პრორუსი მოძალადეები აყენებდნენ სიტყვიერი შეურაცხყოფას და ფიზიკურად გაუსწორდნენ. ოთხ დაზარალებულს აღენიშნება სხეულის დაზიანება, მათ შორის ერთი პირი ამ დრომდე კლინიკაში გადის მკურნალობის კურსს.


მიუხედავად იმისა, რომ ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია, მან ვერ უზრუნველყო მშვიდობიანი აქციის მონაწილეთა უსაფრთხოების დაცვა. მომხდარის შემდეგ სამართალდამცავებმა მართალია 12 მოძალადე დააკავეს, თუმცა როგორც აღმოჩნდა, ისინი არა ჩადენილი დანაშაულების, არამედ ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის იყვნენ დაკავებულები და ქობულეთის მაგისტრატი მოსამართლე კობა გოცირიძის მიერ ადმინისტრაციული ჯარიმების დაკისრების შემდეგ, 24 მარტს, სასამართლო სხდომის დარბაზიდან გათავისუფლდნენ.


მსგავსი ფაქტების მიმართ სამართალდამცავი ორგანოების მიერ გამოვლენილი გულგრილი დამოკიდებულება, საქმეთა არასწორი კვალიფიკაცია და როგორც პრევენციული, ისე რეპრესიული ზომების არასათანადოდ გამოყენება გვაფიქრებინებს, რომ ეს მიზანმიმართულად ხდება და ამით ირიბად ხელი ეწყობა რუსული ძალის საქართველოში გაძლიერებას.


გავრცელებული ვიდეოჩანაწერებით არაორაზროვნად ჩანს, რომ 22 მარტს სახეზე იყო სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული არაერთი დანაშაული, მათ შორის ძალადობა და შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების ძალადობით ხელყოფა და მოვითხოვთ, რომ პრორუსი მოძალადეები დაისაჯონ სისხლის სამართლის წესით, როგორც ამას ჩვენი ეროვნული კანონმდებლობა მოითხოვს.

bottom of page